ეკოსოფელში ინოვაციების ცენტრი, ანუ როგორც დასავლეთში უწოდებენ-ტექნოპარკი, უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს. ცენტრს ექნება საკუთარი საოფისე და საწარმოო ბაზა, აღჭურვილი იმ აუცილებელი ტექნიკით, დაზგა-დანადგარებით, რითაც შესაძლებელია სხვადასხვა ტექნიკური მოდელების შექმნა. ინ-ვიტრო ლაბორატორია, სადაც მოხდება უვირუსო სანერგე მასალის მიღება, იშვიათი ჯიშების გამრავლება, სხვადასხვა ექსპერიმენტების ჩატარება. სასტუმრო სახლი, სადაც ჩვენი მეცნიერ-გამომგონებლები თუ ცენტრის სტუმრები იცხოვრებენ კონკრეტული პროექტების განხორციელების პერიოდში.
ცენტრს ეყოლება პარტნიორები ევროპასა და ამერიკაში, რომლებთან ერთობლივადაც არაერთი პროექტი განხორციელდება. ცენტრის პრიორიტეტებია: მწვანე ბიზნესი, ეკოტექნოლოგიები, ბიოტექნოლოგიები, ალტერნატიული ენერგიის წყაროები, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვა. ინოვაციების ცენტრში მიზნობრივად წავა მუშაობა რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით: 1. მზის ენერგიის ათვისების იაფი საშუალებების შექმნა; 2. ჰიდროპონიკისათვის იაფი ორგანული საკვების შექმნა; 3. მცენარეთა დაცვის ორგანული საშუალებების შექმნა; 4. წყალბადის ენერგიის ათვისება სამეურნეო მიზნებისათვის და ტრანსპორტში; ცენტრის კარი ღიაა ნებისმიერი ადამიანისათვის, ვისაც გააჩნია საინტერესო იდეები, გამოგონებები. ინოვაციების ცენტრში ცოდნას იღრმავებენ, თავიანთ პროექტებს ხორცს ასხამენ სხვადასხვა სასწავლებლების სტუდენტები, ნორჩი გამომგონებლები. |